რა არის RECP

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება (Resources Efficient and Cleaner Production – RECP) გულისხმობს წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის, ადმანინთა ჯანმრთელობისა და გარემოსადმი ზიანის მიყენების რისკის შემცირების მიზნით კომპლექსური პრევენციული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამოყენებას პროდუქციის დიზაინის, საწარმოო და მომსახურების პროცესებში.

მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში ეკოლოგიურად სუფთა წარმოების (Cleaner Production) პრევენციული მეთოდების გამოყენება 1990-იანი წლებში დაიწყეს სამრეწველო ობიექტებში ნარჩენების წარმოქმნის და გარემოს დაბინძურების შესამცირებლად. შემდგომ წლებში მოხდა გაცნობიერება იმისა, რომ ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ენერგიის, წყლისა და ნედლეულის არაეფექტური და ხშირად მფლანგველური გამოყენება წარმოადგენს მრავალი ეკოლოგიური პრობლემის მთავარ მიზეზს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა UNIDO-მ და UNEP-მა 2008 წელს შემოიღეს მიდგომა – რესურსეფექტური და სუფთა წარმოება (RECP). ეს მიდგომა გულისხმობს გარემოსდაცვითი მეთოდების და ტექნოლოგიების, ასევე პროდუქტიულობის კომპლექსური მენეჯმენტის პრაქტიკის დანერგვას წარმოებაში რათა მიღწეულ იქნას:

  • ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება – ნედლეულის, წყლისა და ენერგიის მოხმარების შემცირების გზით;
  • გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია სათბური ეფექტის მქონე აირების, სხვა მავნე ნივთიერებების ემისიის და ნარჩენების შემცირების გზით; და
  • ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა საწარმოო ჯანდაცვის და უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით.