არსებობს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრებული მეთოდები, მათ შორის ისეთები, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან ან მცირეხარჯიანია, და ისეთებიც, რომელთა განხორციელება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს. ესენია:
- კარგი მეურნეობრიობა – სამეურნეო საქმიანობის და საწარმოო პროცესების ეფექტურად ორგანიზება და მართვა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება;
- ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება – ნედლეულის/მასალების ჩანაცვლება ისეთი ალტერნატიული ნედლეულით/მასალებით, რომელიც ნაკლებად სახიფათოა, შეამცირებს ნარჩენებს, ან ნაკლებად სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის;
- საწარმოო პროცესების გაუმჯობესებული მართვა – საწარმოო პროცესების და მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლს და მართვას მათი ეფექტურობის ამაღლების და დანაკარგების შემცირების მიზნით;
- აღჭურვილობის მოდიფიკაცია – საწარმოო მანქანა-დანადგარების იმგვარად მოწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია, რომ მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაქსიმალური იყოს და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დანაკარგები;
- ტექნოლოგიის შეცვლა – წარმოებაში გამოყენებული ტექნოლოგიის შეცვლა უფრო ეფექტური ტექნოლოგიით, რომელიც დანაკარგების შემცირების საშუალებას იძლევა;
- ნარჩენების მეორადი გამოყენება და გადამუშავება ადგილზე – საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების გამოყენება იგივე საწარმოს მიერ რაიმე სახის პროდუქციის გამოსაშვებად;
- სასარგებლო თანაური/ თანმდევი პროდუქტის წარმოება – საწარმოს ნარჩენების ისეთი სახეცვლილება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება სხვა საწარმოში ნედლეულის, მასალის, ენერგიის ან წყლის სახით;
- პროდუქტის მოდიფიცირება – გამოშვებული პროდუქციის იმგვარი სახეცვლილება, რომ შემცირებული იქნას გარემოზე ზემოქმედება მისი წარმოების პროცესში, მოხმარებისას ან მოხმარების შემდგომ ნარჩენის სახით საბოლოოდ განთავსებისას.